ესტონელები დედოფლისწყაროში
დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაცია სისტემატურად ზრუნავს რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტების გაუმჯობესებასა და ახალი პროდუქტების შექმნაზე.
მიმდინარე წელს ჩვენი ასოციაციამ ესტონეთის სოფლის ტურიზმის ასოციაციასთან ერთად ესტონეთის საგრეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო პროექტის „სოფლის ტურიზმის პროდუქტის განვითარება დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველოში“ განხორციელება. პროექტი დასრულდება 30.09.2023 წელს, მისი მიზანია დედოფლისწყაროს რაიონში ტურისტული სერვისებისა და პროდუქტის ხარისხის დონის ამაღლება ადგილობრივი ტურისტული მეწარმეების ცნობიერების ამაღლების, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების გზით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეების სწავლება, პრიორიტეტულია პროექტში ახალგაზრდების და ქალი მეწარმეების ჩართვა, ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების ხარისხის მართვის ადგილობრივი ექსპერტების მომზადება, ხარისხის კრიტერიუმებისა და სისტემის განვითარება და შესაბამისი დოკუმენტის მომზადება ინგლისურ და ქართულ ენებზე, ხარისხის სისტემის ვიზუალური იდენტურობის შექმნა, თანამედროვე ტურისტული პროდუქტის შექმნა, განვითარება და გაყიდვა, სასწავლო პროგრამა სოფლის ტურიზმის მეწარმეებისთვის, სასწავლო ვიზიტი ესტონეთში ქართული ჯგუფისთვის, პრაქტიკული სახელმძღვანელოს მომზადება ხარისხის კონსულტანტებისა და მეწარმეებისთვის.
ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის ბიზნესში უკვე ჩართული ადგილობრივი მეწარმეების სწავლებას, ისე პრაქტიკული რჩევებით დაეხმარება დამწყებ დაინტერესებულ მეწარმეებს მათი იდეების ჩამოყალიბებაში და დახვეწაში სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
1-5 ნოემბერს დედოფლისწყაროს ეწვიენ ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები: ბორდის თავმჯდომარე ქბ-ნი რაილი მენგელი, პროექტის მენეჯერი ქბ-ნი სილია ლეჰტპუუ, საბჭოს თავმჯდომარე ქბ-ნი ანელი კანა, ექსპერტი ქბ-ნი კატრინ პაპი.
პროექტის მიმდინარეობის ამ ეტაპზე შეიქმნა ადგილობრივი ექსპერტების ჯგუფი, რომელიც გაეცნო ესტონეთის სოფლის ტურიზმის ობიექტების გამოცდილებას ეკოტურიზმის ხარისხის ნიშნის გამოყენების, განთავსების საშუალებების, საფეხმავლო ბილიკების, კულინარიული მარშრუტების ობიექტების და სხვა ტიპის ტურისტული პროდუქტების ხარისხის კრიტერიუმებს.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები იმყოფებოდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, სადაც შეხვდნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს: ქალბატონებს თამარ ყორიაულს და თამარ მაისურაძეს. შემდეგი შეხვედრა გაიმართა საქართველოში ესტონეთის საელჩოში ქალბატონ ნინო კარანაძესთან.
ვიზიტის დროს სტუმრებმა მოინახულეს რამდენიმე ადგილობრივი ბუნების ძეგლი, განთავსების და აგროტურისტული ობიექტი. ექსპერტთა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა ადგილობრივი ობიექტების ხარისხის კრიტერიუმების შექმნაზე ესტონელ კოლეგებთან ერთად.
ასოციაცია იწვევს დაინტერესებულ პირებს თანამშრომლობისთვის.