ჩატარდა ტრენინგები გიდებისა და კულინარიული ტურიზმის ბიზნესებისთვის

დედოფლისწყაროში ესტონურ-ქართული პროექტი გრძელდება…

როგორც მკითხველმა იცის, უკვე შესაძლებელია ადგილობრივმა ტურისტულმა ბიზნესებმა ასოციაციის საიტზე გაიარონ თვითშეფასების პროცესი და სავალდებულო და სარეკომენდაციო კრიტერიუმების დადგენილი პროცენტის დაკმაყოფილების შემდეგ დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციას მიმართონ „კარგი მასპინძლის“ სერტიფიკატის და ეტიკეტის მისაღებად.  თვითშეფასების პროცესი მოქმედ ბიზნესებს ეხმარება, დაინახონ თავისი სერვისის დადებითი მხარეები და დააფიქსირონ გასაუმჯობესებელი საკითხები. იმ პირებს კი, ვისაც აქვს ტურიზმის ბიზნესში ჩართვის სურვილი და მოსწონს მომსახურების სფეროში მუშაობა, კრიტერიუმების გაცნობა საშუალებას აძლევს, მოტივირებულად დაიწყონ და სწორად წარმართონ თავისი ბიზნესი, დასახონ განვითარების გეგმები.

ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაცია ტრენინგების საშუალებით პრაქტიკულადაც გვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. ამ დღეებში სასტუმრო „ავტოგრაფში“ ჩატარდა ტრენინგები ბუნების ტურიზმში დასაქმებული გიდებისა და მძღოლებისთვის თეორიული და პრაქტიკული ნაწილებით, ასევე –  ტრენინგი თემებზე: „კულინარიული ღონისძიებების მოწყობა, რეგიონის, როგორც კულინარიული ტურისტული დესტინაციის, მარკეტინგი“ და „შეთავაზებების/მომსახურების  შემუშავება  და პარტნიორული თანამშრომლობა“.

ბუნების ტურიზმის მიმართულებით ძალიან სასარგებლო და საქმიანი პრეზენტაციები წარმოადგინეს ბიომრავალფეროვნების დაცვის სპეციალისტმა თეიმურაზ  პოპიაშვილმა, ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორმა მარიკა კოსსემ  და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა, სერტიფიცირებულმა ტრენერმა, ზურაბ შანშაშვილმა. მათ  ტრენინგის დამსწრე გიდებსა და მძღოლებს გააცნეს ის სავალდებულოდ შესასრულებელი აქტივობები და პროცედურები, რაც საჭიროა ტურის სწორად დაგეგმვის, სწორად აღჭურვის და უსაფრთხოდ ჩატარებისათვის. მეორე დღეს ტრენინგის მონაწილეებმა  გარკვეული პრაქტიკა ბუნებაში გაიარეს.

training for guides

კულინარიული მემკვიდრეობის საერთაშორისო ქსელის https://www.culinaryheritage.net/contact  გლობალურმა კოორდინატორმა ნიკლას ფიელშტრომმა მონაწილეებს გაუზიარა თავისი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული სერვისების შესახებ, აჩვენა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებული უცხოელი სტუმრების მოლოდინები, პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით აუხსნა ბიზნესის მიერ თავისი სერვისის სწორად შეთავაზების მნიშვნელობა, ერთ რეგიონში საქმიანობის დროს თანამშრომლობის ქსელის დადებითი მხარეები.  ტრენინგის დასასრულს მისმა მონაწილეებმა ისაუბრეს კულინარიული და სოფლის ტურიზმის მიმართულებით დედოფლისწყაროში  დაგეგმილ თავის  საქმიანობაზე.

საინტერესო და ოპტიმისტური იყო სტუმრის შეფასება: დედოფლისწყაროში გაქვთ საოცარი ხედები, საუკეთესო ღვინო და გემრიელი სამზარეულო. ახლა საჭიროა, ეს ყველაფერი ერთად სწორად შესთავაზოთ სტუმარს და წარმატება გარანტირებული გექნებათო.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...