არქეოლოგია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრა ჩატარდა (გოხების სამლოცველო, რომელიც თარიღდება პირველი ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე, კოდისხევის საფლავი, რომელიც თარიღდება მეორე ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ბრინჯაოს ხანის ნაქალაქარი მდინარე იორის მახლობლად, აკაკიანთხევის, მწარეწყლის, ფურცელწყლის სამაროვნები და სხვ. ). რამოდენიმე მათგანზე ამჟამად მიმდინარეობს არქოლოგიური ექსპედიცია. არცერთი ძეგლი არ არის ჩასმული ტურისტულ მარშრუტში და არ არის მზად ტურისტების მისაღებად.

პალენტოლოგებისთვის განსაკუთრებული ინტერესი დედოფლისწყარომ მას შემდეგ შეიძინა, რაც აღმოჩენილი იქნა მთლიანი განმარხებული სპილო (Nesti taribanensisi). ივრის ზეგანზე, ტარიბანაში აღმოჩენილი ნამარხი გიგანტური მხეცების ასაკი დაახლოებით 5-4 მილიონი წელია.

ტარიბანის ნამარხი სპილო – 1956 წლის შემოდგომაზე, ტარიბანის მახლობლად კოწახურას ქედზე, მეცნიერებმა ნამარხი ცხოველის ნაშთები აღმოაჩინეს, რაც როგორც შემდგომ გამოირკვა, სამხრეთული სპილოს (Archidiskodon meridionalis Nesti taribanensisi) თითქმის სრულიად შემონახული ჩონჩხი იყო. ტარიბანის არქიდისკონის სიმაღლე სავარაუდოდ 4,5 მ. იყო, ხოლო სიგანე ეშვების ჩათვლით 5მ. და 10 სმ. მისი წარმოშობა არ არის სავსებით ნათელი, რიგი ნიშნების საფუძველზე იგი მიჩნეული იყო სამხრეთის სპილოს უშუალო წინაპრად და ეს ორი ფორმა მეცნიერებმა ერთ გვარში (არქიდისკონის) გააერთიანეს. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, კბილების აღნაგობის მსგავსება კონვერგენტული ხასიათის არის და გამოწვეულია მსგავს ფიზიკო-გეოგრაფიულ გარემოში ცხოვრებით. შესაძლებელია მათ მეტ-ნაკლებად საერთო შორეული წინაპარი ჰყოლოდათ.