ხანგრძლივი საავტომობილო მარშრუტი

Details
დედოფლისწყარო - პატარა ქვაბები - ქილაკუპრა - ტახტი-თეფა - დალის წყალსაცავი - ტარიბანას ალესილები - ვაშლოვანის ერ. პარკი - დედოფლისწყარო

სიგრძე: 112-190 კმ.     ხანგრძლივობა: 1-2 დღე

სირთულე: საშუალო. საჭიროა მაღალი გამავლობის ავტომობილი!

 

შენიშვნა:

ეს მარშრუტი სამ სასაზღვრო ზონაში: ჩათმას, ქესამანის და პანტიშარას სექტორებში ხვდება. მოგზაურებს, ამ ტერიტორიებზე გასავლელად, მარტივი რეგისტრაციის გავლა და საშვები დასჭირდებათ, რომელთა აღებაც ვაშლოვანის ვიზიტორთა ცენტრში შეუძლიათ (ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N5; მობ.: (+995) 577 10 18 49). საშვის მისაღებად, პირადობის დამადასტ. დოკუმენტი და მანქანის ტექნიკური პასპორტია საჭირო. საშვები და რეგისტრაცია უფასოა (საჭიროების შემთხვევაში, აქ აღჭურვილობის და ტრანსპორტის ქირაობაცაა შესაძლებელი).

 

მარშრუტის აღწერა

დედოფლისწყარო- პატარა ქვაბები – ქილაკუპრა – ტახტი-თეფა – დალის წყალსაცავი – ტარიბანას ალესილები – ვაშლოვანის ეროვნული პარკი – დედოფლისწყარო

მარშრუტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილს მოიცავს, რომლის მთავარი ღირებულებაც  ძალიან კონტრასტული და მრავალფეროვანი ლანდშაფტებია. აქ შეხვდებით სტეპებს, ნახევარუდაბნოებს, ბედლენდებს (ალესილები) და არიდულ ნათელ ტყეებს. მნახველებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს, ქილაკუპრას და ტახტი-თეფას ტალახის ვულკანები ახდენენ.

 

I დღე. მარშრუტი, დედოფლისწყაროს ცენტრიდან, თბილისისაკენ მიმავალ გზას მიუყვება, შემდეგ კი სოფ. თავწყაროსთან, მარცხნივ უხვევს. აქედან პეიზაჟები ნელ-ნელა იცვლება და მშრალი კლიმატისთვის დამახასიათებელ ნიშნებს იძენს. პირველი სანახაობა ქვიშაქვაში ნაკვეთი ნამონასტრალი – პატარა ქვაბებია, რომელიც დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი იყო.  აქედან კი მარშრუტი მდინარე ივრისკენ გრძელდება და ზედ გადებული ხიდით ივრის ჭალაში ხვდება. აქ არსებული გაუვალი ბუჩქნარი და უზარმაზარი ვერხვის ხეები ყოველთვის შთამბეჭდავია, განსაკუთრებით კი გაზაფხულზე, როცა ჭალა ფრინველებითაა სავსე. ივრის ჭალიდან მარშრუტი ქილაკუპრასკენ მიდის (შენიშვნა: ქილაკუპრას ნახვამდე, მის გადასახვევს უნდა გასცდეთ დაახ. 2 კმ-ით და ჩათმას მესაზღვრეთა პუნქტზე შეიაროთ, სადაც საშვებს შეამოწმებენ), რომელიც ყაჯირის ველზე არსებული უცნაური ბორცვია და რომელზეც ტალახის ვულკანის უამრავი კრატერი ბუყბუყებს. ქილაკუპრას შემდეგ, მარშრუტი კიდევ ერთი ბუნებრივი ფენომენისკენ, ტახტი<-თეფას ტალახის ვულკანებისკენ მიემართება, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს და წარმოადგენს კრატერების ჯგუფს, საიდანაც მუდმივად გადმოდის წყლის, ნავთობის, ტალახისა და აირების ნაზავი, რაც ძალიან უცნაურ და გამორჩეულ გარემოს ქმნის. მარშრუტი, ტახტი-თეფას შემდეგ, დალის წყალსაცავს  გაივლის და თუ ერთდღიანი მოგზაურობა გაქვთ დაგეგმილი, მაშინ წყალსაცავიდან, გზას პირდაპირ გააგრძელებთ და გზაგასაყარზე, დედოფლისწყაროსკენ გადაუხვევთ. ხოლო თუ მარშრუტის გაგრძელება მეორე დღესაც გსურთ, მაშინ წყალსაცავთან შეგიძლიათ დაბანაკდეთ, ან მის სიახლოვეს არსებული სამონადირეო მეურნეობის სასტუმროში განთავსდეთ. წყალსაცავი მრავალ მენაპირე ფრინველსაც იზიდავს და აქ სამოყვარულო თევზაობაცაა შესაძლებელი.

 

II დღე. მარშრუტი, დალის წყალსაცავიდან, ჯერ დედოფლისწყაროსაკენ მიმავალ გზას მიუყვება, შემდეგ კი მარჯვნივ, ტარიბანას ველისკენ უხვევს. ამ ადგილას ადრე ვენახები იყო გაშენებული და გზაზე, ზოგან, დარჩენილია მავთულის ხვეულები, ამიტომ მძღოლებს მეტი სიფრთხილე მართებთ. მარშრუტი მალე ტარიბანას ალესილებს მიადგება, საიდანაც განსაკუთრებული სილამაზის ხედები იშლება ადგილობრივ ლანდშაფტზე. აქედან გზა პანტიშარას ხეობისკენ მიემართება, ქესამანის მესაზღვრეთა პუნქტს გაივლის და მესაზღვრეების მორიგ საგუშაგოსთან შეუერთდება ულამაზეს, პანტიშარას ხეობას, რომელიც  ვაშლოვანის ეროვნული პარკის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია. ხეობაში მოწყობილია საპიკნიკეც, სადაც შეგიძლიათ, შეისვენოთ და წაიხემსოთ. სურვილის შემთხვევაში კი 3 კმ-იანი საფეხმავლო მარშრუტის გავლაც შეგიძიათ, რომელიც დათვისხევში შედის და იქ მთავრდება სადაც მილიონი წლის წინანდელი სამხრეთული სპილოს ძვლებია აღმოჩენილი. ხეობაში შეამჩნევთ მოლუსკებსაც, რაც ძველად, ამ ადგილზე ზღვის არსებობას ადასტურებს. პანტიშარიდან გზა ვაშლოვანის ქვაბულისკენ გრძელდება და რეინჯერთა სადგურამდე ადის, საიდანაც უიშვიათესი სილამაზის პანორამა იშლება საკმლისხიან და ღვიიან ნათელ ტყეებზე. სწორედ ამ ადგილის უნილაკურობა გახდა ვაშლოვანის ნაკრძალის დაარსების მთავარი მიზეზი. აქედან მარშრუტი შირაქის ველს მიუყვება და დედოფლისწყაროში ბრუნდება.

წყარო: www.gnta.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...