გერმანია ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში
29.11-01.12.2022 წ. პერიოდში, დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაცია (მისი თავმჯდომარის მანანა ყატაშვილის სახით), საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებდა გერმანიის საერთაშორისო განვითარების პროგრამის GIZ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „სამოქალაქო საზოგადოების განვითარება
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.“ კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ უკრაინის, მოლდოვის, სომხეთის და გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
რეგიონული კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გერმანიის საერთაშორისო განვითარების პროგრამის GIZ-ის დირექტორმა ბატონმა ტომას მეიერმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველომაც გააცნო მონაწილეებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საქართველოში არსებული გარემო. აღინიშნა, რომ არის გარკვეული გამოწვევები სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობის პროცესში, რაც გამოწვეულია მოსახლეობის (განსაკუთრებით, ახალგაზრდების და ქალების) მაღალი მიგრაციით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის დაბალი ხარისხით, მოქალაქეების ნიჰილიზმით და პასიურობით, პოლიტიკური პოლარიზაციით, დეცენტრალიზაციის დაბალი დონით და სხვა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის ძალიან საინტერესო იყო ინფორმაცია გერმანიის სამოქალაქო ორგანიზაციების სამუშაო გარემოს შესახებ, რომელზეც ისაუბრა დოქტორმა ჰოლგერ კრიმერმა. აღინიშნა, რომ დღეს გერმანიაში მოქმედებს 560000-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია, სამოქალაქო სექტორში ანაზღაურების გარეშე მუშაობს 14 წლის ზემოთ ასაკის 28,8 მილიონი მოხალისე, არასამეწარმეო სექტორში დასაქმებულია 3,7 მილიონი ადამიანი, არასამთავრობო სექტორის წლიური ბრუნვა შეადგენს საშუალოდ 150 მილიარდ ევროს. ორგანიზაციებში ასევე ყოველწლიურად იზრდება მოხალისეობა, 1999 წლიდან 2019 წლამდე მათი რაოდენობა 24,7%-დან 37%-მდე გაიზარდა. მოხალისეთა შორის ასევე მაღლდება განათლების დონე, უმაღლესი განათლების მქონე მოხალისეთა რაოდენობამ 2019 წელს საერთო რიცხვის 25% შეადგინა.
1995-2021 წლებში სამოქალაქო სექტორი ყოველწლიურად იზრდება და ვითარდება. სამოქალაქო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ფლობს სოციალურ საწარმოებს: კაფე, სპორტული კლუბი, საბავშვო ბაღი და სხვა. გერმანულ ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო, ფედერალურ და რეგიონალურ საგრანტო დაფინანსების პროგრამებში და განახორციელონ შესაბამისი პროექტი.
გარკვეული გამოწვევაა სოფლად სამოქალაქო ორგანიზაციების მცირე რაოდენობა, რის დაძლევასაც ცდილობს სახელმწიფო. 2008-2022 წლებში რამდენიმე სახელმწიფო სტრატეგიაა შექმნილი სამოქალაქო სექტორის განვითარების მხარდაჭერისათვის. 2020 წელს ფედერალურმა ხელისუფლებამ დააფუძნა ფონდი სოფლად არსებული ორგანიზაციების გაციფრულების და სოციალური ინოვაციების მხარდაჭერისათვის.
მეორე დღეს გაიმართა კოლექტიური და ჯგუფური დისკუსიები თემებზე: მოქალაქეთა ჩართულობა, ქალების და ახალგაზრდების გაძლიერება და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა. აქ სხვადასხვა ქვეყნების ორგანიზაციებმა ერთად იმუშავეს თემატურ ჯგუფებში, მომზადებული ფორმების გამოყენებით ორგანიზაციებმა წარადგინეს საკუთარი საქმიანობის მიმართულებები და დამყარდა საინტერესო კონტაქტები. დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციამ უკრაინულ, სომხურ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან ერთად იმუშავა ქალების და ახალგაზრდების ჩართულობა-გაძლიერების მიმართულებით. ნაპოვნი იქნა გადაკვეთის წერტილები, განხილული იქნა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები, გზები და სფეროები.
კონფერენციის მონაწილეები გერმანულ ორგანიზაციებში ვიზიტისას გაეცნენ მათი მუშაობის სპეციფიკას და მიმართულებებს. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
კონფერენციაზე გამოჩნდა ორგანიზაციების მომავალი თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობები.