სემინარი თემაზე: “ტურიზმის ასოციაციები რეგიონებში : შესაძლებლობების განვითარება და ქსელური მუშაობა”
ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)“ ფარგლებში, 2020 წლის 17-18 დედოფლისწყაროში ჩატარდა სემინარი თემაზე „ტურიზმის ასოციაციები რეგიონებში: შესაძლებლობების განვითარება და ქსელური მუშაობა“.
სემინარზე მოწვეული იყვნენ როგორც დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის წევრები, პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)“ ფარგლებში ტურიზმის სექტორში დაფინანსებული ბიზნესების წარმომადგენლები.
სემინარს უძღვებოდა ესტონეთის სოფლის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ქალბატონი რაილი მენგელი.
სემინარის დასაწყისში მონაწილეებს ქალბატონმა რაილიმ მიაწოდა ინფორმაცია ესტონეთის სოფლის ტურიზმის ასოციაციის მიზნებზე, საქმიანობაზე, სტრუქტურასა და წევრებზე. აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაცია უკვე 20 წლისაა და 300-ზე მეტი წევრი ჰყავს მთელი ესტონეთის სოფლის ტურიზმის წარმომადგენლების სახით. ასოციაცია არის თავის წევრების ინტერესების წარმომადგენელი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან, მუშაობს კულტურული ტურიზმის და ხელსაქმის განვითარებაზე, ამზადებს მეწარმეებს და ინსტრუქტორებს, ორგანიზაციას უკეთებს მეწარმეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს და თავისი წევრების მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით ადგენს მომსახურების სტანდარტებს სოფლის ტურიზმის ბიზნესში, ანიჭებს სერტიფიკატებს ცალკეულ ტურისტულ პროდუქტებს თუ ბიზნესებს და სხვა.
შემდეგ, მონაწილეთა ჯგუფების მიერ გამოვლინდა დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის მიმართ მათი მოლოდინები. გაირკვა, რომ წევრებს სჭირდებათ ასოციაციის მხარდაჭერა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში, ტურისტული სერვისებში ჩართული პირების მომზადება-გადამზადებაში, საჭიროა ტურ ოპერატორების მოძიება, ინფო ტურების მოწყობა, ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, ფესტივალების ჩატარება, საინფორმაციო ბანერების მოწყობა, გაცვლითი ტურები მეზობელ მუნიციპალიტეტებში და ესტონეთში, შეიქმნას მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის ჯგუფი, ჩატარდეს მუნიციპალიტეტის ბრენდირების ღონისძიებები და სხვა.
სემინარის ორივე დღეს ქალბატონმა რაილიმ მონაწილეებს მიაწოდა ესტონეთის სოფლის ტურიზმის გამოცდილებიდან ბევრი საინტერესო მოდელი, რომლიც შეიძლება საქართველოშიც იქნას გამოყენებული. მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია შიდა და გარე ქსელური მუშაობა წარმატების მისაღწევად, თანამშრომლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა ტურისტულ ორგანიზაციებთან, ბიზნესებთან, მასმედიის საშუალებებთან, აქტიურობა სოციალურ ქსელებში და სხვა.
სემინარის მონაწილეებმა იმუშავეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების უნიკალურობის საკითხზე. დასახელდა ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება, კუთხური და ეთნიკური მრავალფეროვნება, IV-V საუკუნეების ძეგლები, უძველესი არქეოლოგიური აღმოჩენები და სხვა.
კვლავ დაისვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობის საკითხი: უნდა მოეწყოს ხორნაბუჯთან, არწივის ხეობის ვიზიტორთა ცენტრსა და ოზაანის „ამაღლების“ ტაძართან მისასვლელი გზები, გაკეთდეს საზოგადოებრივი საპირფარეშოები, დაიდგას ნარჩენების ყუთები და დროულად მოხდეს ნარჩენების გატანა, გადაიჭრას უმეთვალყუროდ მიტოვებული ცხოველების პრობლემა, ადგილობრივი მუზეუმები უნდა გახდეს დედოფლისწყაროს მდიდარი ისტორიის რეალობის ამსახველი, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ორგანიზაციები და სხვა.
ბოლოს, ბევრი ტყითა და სუფთა ჰაერით გამორჩეული ქვეყნის – ესტონეთის წარმომადგენელმა სტუმარმა იმედი გამოთქვა, რომ ტურიზმის ბიზნესში ჩართული პირები ერთად იზრუნებენ ქალაქის და მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ტურისტების მოსაზიდად.