იმედით გავყურებთ ტურიზმის მომავალს

Happy New Yearმიიწურა 2022 კალენდარული  წელი და დადგა დრო ცხოვრების და საქმიანობის განვლილი პერიოდის გადახედვისა.

დედოფლისწყაროში ტურიზმის და ზოგადად, ბიზნესის, მათ შორის, აგრარული სექტორის განვითარებას ძალიან დაეხმარება UNESCO-ს  გადაწყვეტილება დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის სტატუსის შესახებ, ასევე რაიონში ახალი – ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნა. ძალიან სასარგებლო საქმე კეთდება ხორნაბუჯის გზის რეაბილიტაციით, ქალაქის ცენტრში მდებარე თამარ მეფის სკვერის მოწესრიგებით და სხვა. რა თქმა უნდა, რეგიონების განვითარების პროგრამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი ქალაქის იერსახეს და გააფერადებს მოსაწყენად ნაცრისფერ გარემოს.  ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტირებული საგამოფენო დარბაზი  ნიკალას ორიგინალებით და კეთილმოწყობილი ეზო გახდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სავიზიტო ბარათი ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის.

განვლილი წელი ნაყოფიერი იყო ჩვენი ასოციაციის განვითარება-გაძლიერების მიმართულებითაც. მართალია, პანდემიის რთული წლების შემდეგ ვიზიტორთა რიცხვის განსაკუთრებული ზრდა არ ყოფილა, მაგრამ ეს დრო გამოვიყენეთ ახალი ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად, არსებულის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 2021-2022 წლებში ჩვენი ესტონელი მეგობრების – ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის დახმარებით შემუშავდა და დაინერგა ტურისტული პროდუქტის ხარისხის კრიტერიუმები.

ახლა ჩვენს წევრებს უკვე აქვთ საშუალება, მოახდინონ თავისი ბიზნესის თვითშეფასება, დასახონ გაუმჯობესების გეგმა და კრიტერიუმების გარკვეული პროცენტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომართონ ასოციაციის საბჭოს „კარგი მასპინძლის“ ხარისხის ეტიკეტის და სერტიფიკატის მისაღებად. რაიონში ხარისხის ეტიკეტის მფლობელი ბევრი ობიექტის არსებობა ხელს შეუწყობს ვიზიტორთა მოზიდვას  და ტურისტული და მომიჯნავე ბიზნესების განვითარებას, ასევე-ახალი ბიზნეს-იდეების განხორციელებას.

თანამედროვე ტურიზმი, განსაკურებით, აგრო ტურიზმი და შემოქმედებითი ტურიზმი, ისეთი ბიზნესია, რომ წინდების მქსოველი დიასახლისი, სოფელში მცხოვრები მეფუტკრე თუ ქათმის მცირე საოჯახო ფერმა, ხილის თუ ყვავილების კარგი ბაღი  სწორი „შეფუთვით“ და მარკეტინგით შეიძლება გახდეს წარმატებული ტურისტული ობიექტი. ამის შანსი დღეს დედოფლისწყაროში ბევრ ადამიანს აქვს: მცირე ფერმერებს, საოჯახო მარნებს, თონეებს,  თუნდაც ერთი კერძის კარგ კულინარებს, ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელ პირებს, კარგ ფოტოგრაფებს, უცხო ენის მცოდნე ახალგაზრდებს და სხვა.

თანამედროვე ტურიზმი არის მრავალფეროვანი და ფართო სექტორი, ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც მოიცავს წარმოებას, სტუმარმასპინძლობას, კვებას, განთავსებას, ტრანსპორტით მომსახურებას, ასევე აერთიანებს კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განზომილებებს.  ასოციაცია ყველა მსურველს ჰპირდება რჩევებით დახმარებას თავისი წევრების ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით.

2023 წელს დაგეგმილია ტრენინგები ასოციაციის წევრებისთვის სხვადასხვა პრაქტიკულ თემაზე და ხარისხის სერტიფიკატის მქონე ბიზნესების გამოცდილების ურთიერთგაცვლა ესტონეთის ანალოგიურ ობიექტებში. ეს პროექტი განსაკურებულად უჭერს მხარს ქალებს და ახალგაზრდებს ბიზნესის წამოწყება-განვითარებაში.

საქართველოს და სხვა ქვეყნების მონათესავე პროფილის ორგანიზაციებთან  თანამშრომლობის შესაძლებლობები გამოჩნდა ბერლინში გერმანიის საერთაშორისო განვითარების პროგრამის (GIZ) ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში ასოციაციის მონაწილეობისას. დამყარდა საქმიანი სამომავლო კონტაქტები უკრაინულ, მოლდოვურ, სომხურ და გერმანულ ორგანიზაციებთან.

იმედით ვუყურებთ რაიონის ტურიზმის მომავალს, ვფიქრობთ, მომავალ წელს გაგრძელდება რაიონის სხვადასხვა ობიექტის კეთილმოწყობის სამუშაოები. გვექნება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამედროვედ მოწყობილი საგამოფენო დარბაზი უნიკალური ექსპონატებით, ქალაქის ცენტრში და ტურისტულ ატრაქციებზე კეთილმოწყობილი და მოვლილ-ნაპატრონები საზოგადოებრივი ტუალეტები, ელიას მონასტრის სუფთა და მოწესრიგებული ეზო, რაც გაზრდის მონასტრის და ტაძრის შემოსავალს და სხვა ახალი ობიექტები ვიზიტორების მოსაზიდად.

დასასრულს, გვინდა ყველა დედოფლისწყაროელს მივულოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, ოპტიმიზმით სავსე  წელიწადი და ახალი ბიზნეს-იდეების განხორციელება ვუსურვოთ!

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...