ესტონელების საჩუქარი დედოფლისწყაროს
როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, 2021-2023 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაცია დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებდა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (ESTDEV) მიერ დაფინანსებულ პროექტს: „სოფლის ტურიზმის პროდუქტის განვითარება“.
პროექტის მიზანი იყო დედოფლისწყაროს რაიონში ტურისტული სერვისებისა და პროდუქციის ხარისხის დონის ამაღლება ადგილობრივი ტურისტული მეწარმეების ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების გზით. ასევე -რეგიონის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის. მიმზიდველობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში:
- ადგილობრივი საჭიროებების და სიტუაციის შესაბამისად შეიქმნა ტურისტული პროდუქტის ხარისხის მართვის მდგრადი სისტემა და კრიტერიუმები სხვადასხვა ტურისტული სერვისისთვის;
- დამზადდა „კარგი მასპინძლის“ ეტიკეტები წარმატებული ბიზნესებისთვის;
- მომზადდნენ ხარისხის ადგილობრივი ექსპერტები;
- შემუშავდა ხარისხის მართვის პრაქტიკული სახელმძღვანელო კონსულტანტებისა და ბიზნესისთვის ხარისხის სისტემისა და კრიტერიუმების შესახებ ინგლისურ და ქართულ ენებზე;
- ჩატარდა ტრენინგები ტურიზმში ჩართული ადგილობრივი ბიზნესებისთვის;
- 25 პირისთვის განხორციელდა სასწავლო ვიზიტი ესტონეთში გამოცდილების გაზიარების მიზნით.
პროექტის დასასრულს, დედოფლისწყაროს ტურისტული ბიზნესების პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი ბიზნესებისთვის დამზადდა რაიონის ღირსშესანიშნაობების და სერვისების გარე რუქები, რომლებიც უკვე დედოფლისწყაროშია.
მადლობას ვუხდით ესტონეთის მხარეს გაწეული შრომისათვის და აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას.