საველოსიპედო მარშრუტი 26 კილომეტრიანი

Details
დედოფლისწყარო - არწივის ხეობა - სახოხბე - ყარაღაჯის ციხე - ხორნაბუჯის ციხე - დედოფლისწყარო

სიგრძე: 26 კმ.     ხანგრძლივობა: 1 დღე

სირთულე: საშუალო

 

მარშრუტის აღწერა

დედოფლისწყარო – არწივის ხეობა – სახოხბე – ყარაღაჯის ციხე – ხორნაბუჯის ციხე – დედოფლისწყარო

ეს მარშრუტი, ქიზიყის ერთ-ერთი უძველესი და უმშვენიერესი ნაწილის დათვალიერებას გთავაზობთ. მოგზაურობა დედოფლისწყაროს ცენტრში იწყება და არწივის ხეობისკენ მიემართება (გზად შესაძლებელია ადგილობრივი მარნის მონახულება და სხვადასხვა ღვინის დაგემოვნება), რომელიც იურული პერიოდის კირქვებში გამავალი ულამაზესი კანიონია და ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ხეობა ძალზე მდიდარია მცენარეთა და ფრინველთა სახეობებით და შესანიშნავ პირობებს ქმნის ფრინველთა თვალიერებისთვის. აქ ხშირად შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება დაინახოთ მტაცებელი და ლეშიჭამია ფრინველები, ხოლო თუ ბინოკლით იქნებით შეიარაღებული, შესაძლოა ბუდეში მჯდომ მართვეებსაც კი დააკვირდეთ. ადგილ-ადგილ მოსჩანს ნიჟარების ანაბეჭდებიც, რაც შეგვახსენებს, რომ ამ ადგილებს ადრე ზღვა ფარავდა. არწივის ხეობიდან გზა ყოღოთის ხევისკენ გრძელდება, სადაც კოლხური ხოხბის საშენი ფუნქციონირებს. აქ ვიზიტორები კოლხური ხოხბის გარდა, ფარშავანგებს და სხვა ლამაზ ფრინველებსაც ნახავენ. სახოხბის მოპირდაპირე მხარეს საპიკნიკე ადგილიცაა მოწყობილი, რომელიც უიშვიათესი კახური ჯიშის – ხიხვის ვენახებს და არწივის ხეობას გადაჰყურებს. აქედან მარშრუტი, ხეობის გავლით, ალაზნის ველზე გადის, გაივლის სოფ. ყარაღაჯს და ყარაღაჯის ციხისკენ მიემართება, სადაც ქართველ მეფეთა ზამთრის სასახლის ნაშთებია შემორჩენილი. აქედან გზა უკან ბრუნდება და მარშრუტი ხორნაბუჯის ციხისკენ მიემართება. ეს ციხესიმაგრე ძალიან რთული რელიეფის მქონე კლდეზე, გასაოცარი ოსტატობითაა ნაგები. IV ს-ში აქ ძალზედ მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი მდებარეობდა, რომელიც ერთ-ერთ სტრატეგიულ, კულტურულ და სამხედრო ცენტრს წარმოადგენდა. ციხე-სიმაგირს ძირში, ვაკეზე, საპიკნიკე მდებარეობს, სადაც მოგზაურებს შეუძლიათ წაიხემსონ და დაისვენონ, შემდეგ კი დედოფლისწყაროში დასაბრუნებელ აღმართს შეუყვნენ.

წყარო: www.gnta.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...