ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები
დედოფლისწყაროში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, მდებარეობს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, რომელიც 1935 წელს დაარსებული ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ბაზაზე შეიქმნა,ხოლო 2003 წლიდან კი ნაკრძალის, ეროვნული პარკისა და ბუნების ძეგლების ერთიანი კომპლექსად გაერთიანდა. დღეისათვის მისი ფართობია 35100 ჰა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 12% უკავია.
ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც მცირე ტერიტორიაზე შეხვდებით ერთმანეთისაგან განსხვავებულ ბუნებრივ ეკოსისტემებს – უდაბნოს, ნახევრად უდაბნოს, სტეპის, არიდულ მეჩხერ ტყეებს, ფოთლოვანი და ჭალის ტყის, კლდის ქსეროფიტების, მთისწინეთის ძეძვიანების და თიხნარის მცენარეულობის ზონებს.
დაცულ ტერიტორიაზე აღწერილი ფლორისა და ფაუნის მრავალი სახეობიდან ბევრი შეტანილია საქართველოს “წითელ ნუსხაში”. განსაკუთრებით აღსანიშნავია კავკასიის 41 და საქართველოს 5 ენდემის არსებობა – ველური ვაზი, საკმლის ხე, ქართული ზამბახი, ქართული ნუში, კოწახური, ბროწეული, კახეთის მაჩიტა, კოლხური ხოხობი და სხვა უამრავი მწერი, ცხოველი, ფრინველი, ქვეწარმავალი და თევზი.