ესტონელები ჩვენს ტურისტულ ბიზნესს აძლიერებენ
ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის და დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის თანამშრომლობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2021-2023 წლებში ხორციელდება სოფლის ტურიზმის ობიექტების ხარისხის პროგრამა. პროექტი დაფინანსებულია ESTDEV – ესტონეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ცენტრის მიერ.
პროექტის მიმდინარეობასა და უკვე მიღწეულ შედეგებზე იყო საუბარი ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციის (ERTO) ხელმძღვანელი პირების: რაილი მენგელის, სილია ლეჰტპუუს, კატრინ პაპის, ელინ პრიქსის და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ქალბატონ მაია ომიაძის შეხვედრაზე.
ხარისხის პროგრამის ფარგლებში გაუმჯობესებული სერვისების მომხმარებლისთვის შესათავაზებლად აპრილის პირველ კვირაში დედოფლისწყაროს სასტუმრო „ავტოგრაფში“ ჩატარდა ტრენინგების მორიგი ციკლი დედოფლისწყაროს ტურიზმის ბიზნესების წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა საინტერესო თემაზე.
ევროპელი ვიზიტორებისთვის მნიშვნელოვანია ტურისტული სერვისების მიღება ინოვაციური / ეკოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებით. სწორედ ამ თემას ეხებოდა კომპანიის „ჰელიოს-ენერგია“ ხელმძღვანელის – თორნიკე დარჯანიას ტრენინგი: მზის ენერგეტიკის პოტენციალი საქართველოსა და დედოფლისწყაროში, მზის ელექტროსადგურების მუშაობის ეკონომიკური სარგებლიანობა, ელექტრომობილების ინდუსტრია და რეგიონებში მისი გამოყენების შესაძლებლობები, ენერგოეფექტური მშენებლობის პრინციპები, მზის გამოყენებით წყლის გამაცხელებელი სისტემები, ტურისტული სერვისის თვითღირებულების შემცირების გზები, გათბობა ელ-ენერგიით: თბური ტუმბოები და მათი მართვის სისტემები. ბატონმა თორნიკემ ასევე უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს ამ თემებზე.
დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციას სტუმრობდა ქალბატონი ელინ პრიქსი, ტურისტული პროდუქტების შექმნის და ონლაინ მარკეტინგის სპეციალისტი. მან ისაუბრა თანამედროვე ტურისტული პროდუქტების შექმნის თავისებურებებსა და შექმნილი სერვისების / პროდუქტების ინტერნეტით გაყიდვაზე.
თანამედროვე ტურიზმი უფრო და უფრო გამჭვირვალე ხდება სოციალური მედიისა და ვებსაიტების მიმოხილვის მეშვეობით. ამჟამად ეს არის სტუმრის ინდივიდუალური გამოცდილება, რომელიც ეხმარება ან ხელს უშლის ტურისტული პროდუქტის წარმატებას. ამრიგად, ტურიზმში აქცენტი გადადის უბრალო მარკეტინგული კომუნიკაციებიდან მნიშვნელოვან გამოცდილებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორ მოვძებნოთ კლიენტები ჩვენი სერვისებისთვის. რა არის ჩვენი უნიკალური გაყიდვის წერტილი და როგორ გამოვკვეთოთ ის, როგორ შევთავაზოთ მომხმარებელს ჩვენი სერვისის უნიკალური ღირებულება, როგორ წარვადგინოთ საკუთარი თავი და ბიზნესი ისე, რომ დაგვიმახსოვრონ. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა ესტონელმა ექსპერტმა.
სოციალური მედიის პლატფორმებსა და Google MyBusiness – ზე ონლაინ-მარკეტინგზე საუბრისას ქალბატონმა ელინმა მიმოიხილა სოციალური ქსელების მომხმარებელთა საქართველოს სტატისტიკა და ყურადღება გაამახვილა ამ მონაცემების გამოყენებით სწორი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაზე. დაინტერესებული ადგილობრივი მეწარმეებისთვის ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციებიც.
ხელნაკეთი ნივთების და სუვენირების ადგილობრივი მწარმოებლებისთვის საინტერესო იყო ტურიზმის ასოციაციაში გამართული ტრენინგი ხელნაკეთი ნივთების და სუვენირების, როგორც კულტურული ტურიზმის სერვისის, ვიზიტორებისთვის შეთავაზების თემაზე, სადაც ესტონელმა მეწარმეებმა თავისი გამოცდილება გაუზიარეს ადგილობრივ მეწარმეებს.
აქვე მოწყობილი იყო ადგილობრივ მეწარმეთა ნივთების მცირე გამოფენა.
შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე: დამთვალიერებლებისთვის ხელნაკეთი ნივთების და სხვა სუვენირების მიმზიდველი შეთავაზებების შექმნისთვის დედოფლისწყაროს ტურიზმის სექტორისა და მომსახურების მიმწოდებლების პოტენციალი
სოფლის ტურიზმის ობიექტების ხარისხის პროგრამის ფარგლებში გრძელდება ადგილობრივი ტურისტული სერვისების თვითშეფასების პროცესი. უკვე შედგენილია წარმატებულ მეწარმეთა ესტონეთში სასწავლო ვიზიტის პროგრამა. 20 აპრილამდე დაზუსტდება სასწავლო ვიზიტის მონაწილეთა სია.