დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის 2025 წლის და 2026 წლის 9 თვის მუშაობის ანგარიში

როგორც ცნობილია, 2022 წელს იუნესკომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიანიჭა, მაგრამ რეზერვატის პოპულარიზაციის მიზნით საჭიროა აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების გატარება, რაც არ ხდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა – მირზაანის ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი – რეაბილიტაციის გამო თითქმის ვერ იღებდა და კვლავ ვერ მიიღებს ვიზიტორებს.
სამწუხაროდ, ადგილობრივი ბიზნესები, ვიზიტორთა სტატისტიკის წარმოების დაბალი კულტურის გამო, სტატისტიკას ან არ აწარმოებენ ან არ აქვთ ინფორმაციის გაზიარების სურვილი, თუმცა წინა შეკრებაზეც ვისაუბრეთ ამის შესახებ.
ფაქტია, რომ დედოფლისწყაროს როგორც ტურისტული დესტინაციის განვითარებაზე სახელმწიფო ორგანიზაციებთან ერთად ადგილობრივმა კერძო ბიზნესებმაც უნდა ვიზრუნოთ. რაკი ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაში ვერ ჩავერევით, ისღა გვრჩება, თავად გავაუმჯობესოთ ჩვენი რაიონის პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული ღონისძიებები.
ბოლო დროს მთელი მსოფლიოს აქტუალურ პრობლემებს შორის, მიმდინარე საომარ მოქმედებებთან ერთად, აქტუალურია კლიმატის ცვლილების გავლენა გარემოზე და ხელოვნური ინტელექტის განვითარება.
ომებს ჩვენ ვერ შევაჩერებთ. კლიმატის ცვლილება კი უშუალო გვალენას ახდენს როგორც მთელ ქვეყანაზე, ისე – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტზე. კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შემცირების ერთ-ერთი საშუალებაა ნარჩენების სწორი მართვა და ისეთი ცირკულარული ეკონომიკური პრინციპების დანერგვა წარმოებასა და მომსახურებაში, რომლებიც თავიდანვე პრევენციას უკეთებს ნარჩენების წარმოქმნას. ამ მიმართულებით მონაწილეობა მივიღეთ CENN-ის ცირკულარული ეკონომიკის ტრენინგებსა და ვორქშოფებში. ახლა შეგვიძლია, ჩვენი ასოციაციის წევრ ბიზნესებს, სურვილის შემთხვევაში, დავეხმაროთ ნარჩენების წარმოქმნის პრევენციასა და წარმოქმნილი ნარჩენების სწორად მართვაში. მონაწილეობა მივიღეთ ასევე პროექტ „EU4ClimateResilience“-ის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგში, რომელიც საქართველოს მასშტაბით კლიმატთან დაკავშირებული ქმედებებისა და მდგრადობისთვის ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ბიოსფერულ რეზერვატში. მათ შორის, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთების სწორი აგროტექნიკით დამუშავების (და არა – გადაწვის) სწავლებით, რაც ასევე აზიანებს როგორც უშუალოდ ნაკვეთების ნიადაგს, ასევე – ანადგურებს ბიომრავალფეროვნებას და მთლიანად, საცხოვრებელ გარემოს. საბოლოოდ, ეს ყველაზე და მათ შორის, ტურისტულ ბიზნესებზეც აისახება უარყოფითად.
რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ზოგადად, ბიზნესში და მათ შორის, ტურიზმის სექტორში, ამ მიმართულებით ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ დედოფლისწყაროზე მუდმივად იდოს სასარგებლო და ახალი ინფორმაცია ადგილობრივ ღირსშესანიშანობებსა და სერვისებზე, რომ AI აგენტმა ძებნისას ვიზიტორს ჩვენი რაიონი შესთავაზოს. ამ მიზნით საუკეთესოა ჩვენი საიტის გამოყენება, მაგრამ საერთო ჩართულობის გარეშე ეს შეუძლებელია.
ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ აქ
ასოციაციის საერთო კრებამ განიხილა ანგარიში და გადაწყვიტა:
- დამტკიცდეს დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის გამგეობის ანგარიში 2025 წლის და 2026 წლის 9 თვის მუშაობის შესახებ;
- ანგარიში გამოქვეყნდეს ასოციაციის საიტზე
- დაევალოს ასოციაციის წევრებს, 2026 წლის ბოლომდე სრულად გადაიხადონ საწევრო ანარიცხები 2026 წლის ჩათვლით.
- ახლადარჩეულმა გამგეობამ შეისწავლოს ასოციაციის მიერ ფასიანი სერვისების დანერგვის შესაძლებლობები და შეიმუშაოს შესაბამისი წესები 2026 წლის ბოლომდე.






