დალის მთის წყალსაცავი
მდებარეობს მდ. იორზე, ქ. დედოფლისწყაროდან სამხრეთით 30 კმ–ში, ჭაჭუნას აღკვეთილის სიახლოვეს. წყალსაცავის ნაპირზე არსებულ მთას „დალის მთას“ უწოდებენ. წყლის საერთო მოცულობა 140,0 მლნ. მ³, მასში ყოველწლიურად ასიათასობით ლიფსიტას უშვებენ. გავრცელებულია თევზის ისეთი სახეობები, როგორიცაა თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, გოჭა, ხრამული, ლეშა, შამაია. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ანკესით, ყველაზე სასურველი პერიოდია მაის-ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით. აქ მდებარე სასტუმროში შესაძლებელია მშვიდ გარემოსა და სუფთა ჰაერზე დასვენება.
წყალსაცავის სიახლოვეს გავრცელებულია ამფიბიების სამი, ქვეწარმავლების ოცდათერთმეტი, ძუძუმწოვრების ოცდახუთი სახეობა. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ფრინველები – ასოცდათორმეტი სახეობა.