სასწავლო ტური ესტონეთში

Study trip Estonia

ესტონეთის ტურიზმის ორგანიზაციამ (ERTO) აგვისტოში მოაწყო სასწავლო ტური დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციის (DTDA) წევრებისთვის ესტონეთის ტურიზმის სექტორის სერვისებისა და ხარისხის სისტემის გაცნობის მიზნით.

ქართულმა ჯგუფმა ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს (ESTDEV) მიერ დაფინანსებული პროექტის “სოფლის ტურისტული სერვისების განვითარება დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველო“  ფარგლებში ესტონეთის სხვადასხვა რეგიონის სოფლის ტურიზმის  სხვადასხვა ობიექტი მოინახულა. ვესტუმრეთ დაცულ ტერიტორიებს კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით და სახელმწიფოს კერძო ბიზნესთან  თანამშრომლობის კარგი მაგალითებით. გავეცანით ესტონეთის ტყის და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემას. აქ არის ეკონომ-ტყეები, სადაც სამეურნეო საქმიანობის შედეგად მოჭრილ ხეებს ახალი ხეებით ანაცვლებენ. წარმოების პროცესში მიღებული ხის ქერქიც კი ტყეში ბრუნდება ბილიკებზე გასაშლელად. დაცულ ტყეებში – სახელმწიფო  აწყობს სათანადო ინფრასტრუქტურას, სავალ ბილიკებს, დასასვენებელ ადგილებს, სათვალთვალო კოშკებს და სხვა, მზადდება  საინფორმაციო მასალები, ასევე, პერიოდულად, ხდება ტერიტორიის  დასუფთავება.  აქ შესვლა ვიზიტორებისთვის უფასოა.  მაგალითად, რანამეეტსა-ტოლკუსეს ბუნების ძეგლს წელიწადში საშუალოდ, 60000 ვიზიტორი სტუმრობს.  ბიზნესები  დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი პირობების დაცვით საქმიანობენ. ამგვარი ადგილების დაცვაში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი მოხალისეები და აქტივისტები.

გავეცანით განთავსების და საკონფერენციო დარბაზებით მომსახურების სერვისებს. ვესტუმრეთ ვაშლის სიდრის, კენკრის ლიქიორების, ვაშლის წვენის, ვაშლის ძმრის, ძროხის ყველის, თხის ყველის, საპნის და სხვა საწარმოებს, მეცხენეობის მეურნეობას, სანტა კლაუსის სახლს, ჰორტიკულტურის, სამკურნალო მცენარეებისგან ჩაის მწარმოებელ ფერმებს, ყვავილების მეურნეობებს, მზის პანელებით აღჭურვილ საპარკინგე ადგილს, კუნძულ მანილაიდის ტურისტულ მეურნეობას, ვილიანდის ახლოს მდებარე ტყის სახლს, სადაც  გემრიელი ადგილობრივი საკვები და დამაფიქრებელი ამბები შემოგვთავაზეს, ბაღის დიზაინის სერვისის ფერმას, ავინურმეს  ხის საწარმოს, ვისწავლეთ ადგილობრივი ჭვავის პურის ცხობა, ვნახეთ ერთ ადგილობრივ თემში სკოლის ყოფილ შენობაში მოწყობილი ესტონური ეპოსის გმირის – კალევიპოეგის- თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მუზეუმი, მასთან არსებული სათავგადასავლო პარკი, სათამაშო მოედანი, მარტივი კაფე და სოფლის სათემო ცენტრი;  ვესტუმრეთ ტიურინგული თხების ბიომეურნეობას,  სადაც თხის რძისგან ყველს, შესქელებულ რძეს და ბიოლოგიურად სუფთა მცენარეებისგან სამკურნალო კოსმეტიკას აწარმოებენ. ვიყავით მწვანე გასაღების მფლობელ სასტუმროში „პესა“, რომელიც ევროპელ ვიზიტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს;  ტყეში, უჩვეულო გარემოში, პროფესიონალი ბიზნეს-კონსულტანტების მიერ  მოწყობილ ტრენინგ-ცენტრში  გავეცანით კუპლანდის ქსელის (სპეციალურად მოწყობილი ადგილი დისტანციურად მუშაობისთვის) მუშაობის პრინციპებს; გავეცანით სხვადასხვა ფესტივალის (კიტრის, ღია კაფეს დღეების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების და სათესლე მასალის გამოფენის და სხვა) მოწყობის ტრადიციებს,  საინტერესო და უჩვეულო იყო გაცნობა ესტონური საუნის ისტორიისა, რომელიც შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ჭაობების გაცნობასთან ესტონეთის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის დაკავშირებაც ძალიან საინტერესო იყო. ვასკნას ტბის ნაპირზე მდებარე სასტუმროში  მასპინძელი ქალბატონის მიერ დამზადებულ თოჯინებს შორის  ქართულ სამოსში ჩაცმული წყვილიც  დაგვხვდა. ეგზოტიკური და ადგილობრივი ცხოველების მინი ფერმაში სახალისო ცხოველებიც ვნახეთ: ლამები, ალპაკები, სირაქლემები, მინიატურული ცხვრები, მელიები და სხვა.

მასპინძლებმა  აგვიხსნეს, რომ ესტონეთში აქვთ ღვინის გზაც, აწარმოებენ ღვინოს სხვადასხვა ხილის, კენკრისა და ყურძნისაგანაც და მიგვიწვიეს უუე-საალუსეს მცირე საოჯახო მეღვინეობაში. აქ დავაგემოვნეთ  სამოთხის ვაშლის, ქაცვის, მაყვლის, ჟოლოსა და ყურძნისაგან დამზადებული ღვინოები.

ზღვის დონიდან 318 მეტრზე მდებარე  ესტონეთის  უმაღლესი მწვერვალის-სუურმუნა მაგის (დიდი კვერცხის) სეხნია კაფეში მოვისმინეთ საინტერესო კონცეფცია, როგორ შეიძლება ერთი კაფე გახდეს უნარჩენო წარმოების მაგალითი,  სხვადასხვა ასაკის ადგილობრივებისთვის შეხვედრის ცენტრი და საკუთარი ნაწარმის რეალიზაციის ადგილი, ასევე კულტურული ცენტრი დიდი ქალაქებიდან ჩამოსულებისთვისაც.

ვნახეთ საკუთარი ტყის მფლობელების მიერ ტურისტებისთვის მოწყობილი განთავსების ადგილი და დავაგემოვნეთ ადგილობრივი ხორცითა და ბოსტნეულით დამზადებული გემრიელი ესტონური კერძი.

თითქმის ყველა ბიზნესის ნახვის შემდეგ მფლობელთა ისტორიებსაც ვისმენდით. რა თქმა უნდა, დაწყება  გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ეხმარებოდათ სახელმწიფო, ევროპის კავშირი და დღეს უკვე პროდუქტების და სერვისების განვითარებაზე, დახვეწასა და გაუმჯობესებაზე მუშაობენ.

განზოგადების შემდეგ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ნანახი ბიზნესების საერთო ნიშნები: ყველა მათგანზე ინფორმაცია იძებნება ინტერნეტში, ყველა მონიშნულია Google რუკაზე და ყველა ჩანს საიტზე https://www.visitestonia.com   ყველგან არსებობს მცირე საინფორმაციო ნაბეჭდი ბროშურა ადგილობრივი ბიზნესების შესახებ თუ რუკა.

ყველა ცდილობს თავის ნიშაში საქმე აკეთოს კარგად და საჭიროების დროს ითანამშრომლოს სხვებთან, მაგალითად, როცა სასემინარო ოთახების სერვისთან ერთად კვების მომსახურებაც სჭირდებათ, ახლოს მდებარე პარტნიორ ქეითერინგის კომპანიას ქირაობენ.

ყველა კომპანიაში არის მცირე ადგილობრივი სუვენირების შეძენის საშუალება, მათ შორის, გადახდა შეიძლება საბანკო ბარათითაც.

ბევრი იყო კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი პროფესია ან ჰობი ბიზნესად აქციო და ამისათვის მხოლოდ მონდომება, ადგილობრივი, „ხელთ არსებული“  საშუალებების გამოყენება და მცირე დანახარჯებია საჭირო.

სოფლის ტურიზმის ყველა ობიექტი ცდილობს, სეზონური, ადგილობრივი ბუნებრივი მასალების, ნედლეულის, საკვების, სამშენებლო მასალების გამოყენებას თავის საქმიანობაში: ყავარი-შენობების გადასახურად, მცენარეები საკვებად და დეკორაციებში, ე. წ. „სარეველა“  მცენარეებიც კი კულტურული მცენარეების გვერდით ამშვენებენ ბაღებს. რა თქმა უნდა, ესტონეთში, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ხელმისაწვდომია ევროპის ქვეყნებში დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი, მაგრამ ესტონელები უპირატესობას ადგილობრივ ნაწარმს ანიჭებენ, მათთვის ეს პრესტიჟის საქმეა.

ყველანი შთაბეჭდილებით და ბიზნეს-იდეებით აღვსილნი დავბრუნდით მშობლიურ რაიონში. ბევრი მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ მოგზაურობიდან. კარგია, როცა რამეს კითხულობ ან ინტერნეტში ნახულობ, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი მაინც სულ სხვაა. ყველა მონაწილეს თავისი სფეროს მსგავსი ან ახლოს მდგომი ბიზნესის ნახვა აინტერესებდა, ერთი და იგივე ობიექტი ყველამ თავისებურად დაინახა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...