საავტომობილო მარშრუტი დედოფლისწყაროს სოფლებში
სიგრძე: 65 კმ. ხანგრძლივობა: 7 სთ.
სირთულე: მარტივი
მარშრუტის აღწერა
ეს საავტომობილო მარშრუტი, ძირითადად ძველისძველი ქიზიყის ტერიტორიას მოიცავს და მოგზაურებს ამ ისტორიული კუთხის ბუნების და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის საშუალებას აძლევს.
მარშრუტი დედოფლისწყაროს ცენტრიდან იწყება და თბილისისკენ მიმავალ გზას მიუყვება, გაივლის სოფელ გამარჯვებას და გადადის სახნავ ნაკვეთებს შორის გამავალ გრუნტის გზაზე. მცირე მანძილის გავლის შემდეგ, ვრცელი ვენახები და ხეხილის ბაღები გამოჩნდება, ეს გზირიანის ვენახებია, აქ მოწეული ყურძნით კი საოცრად გემრიელ ღვინოებს ამზადებენ. აქვე მდებარეობს დამბადებლის სახელობის მცირე ბაზილიკაც.
გზირიანიდან მარშრუტი სოფ. არბოშიკში მიემართება, სადაც წმ. კვირიკეს ტაძრის მონახულებას შეძლებთ.
შემდგომი გაჩერება სოფელი მირზაანია. აქ, მირზაანის ალავერდის ტაძარი და ნიკო ფიროსმნის სახლ-მუზეუმში მდებარეობს. მუზეუმში მხატვრის ნამუშევრებთან ერთად, ფარდაგების უნიკალურ კოლექციას და ადგილობრივი ყოფის ამსახველ ექსპონატებსაც დაათვალიერებთ.
მირზაანიდან მარშრუტი სოფ. ზემო მაჩხაანისკენ გრძელდება, სადაც წმ. გიორგის ტაძარს მოინახულებთ და ქვემო მაჩხაანის მიმართულებით განაგრძობთ გზას. სოფელში საბჭოთა კავშირის და იტალიის ეროვნული გმირის, სამამულო ომში დაღუპული, ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს.
შემდეგი გაჩერება სოფელი ტიბაანია, სადაც ერთ-ერთი ასურელი მამის – სტეფანე ხირსელის სახელობის, VI საუკუნეში დაარსებული მონასტერი მდებარეობს.
აქედან გზა სოფ. ოზაანში შედის და ამაღლების ტაძრისაკენ უხვევს (ტაძარი XII-XIII საუკუნეებისაა და არსებობს ვერსია, რომ აქ თამარ მეფის ფრესკა იყო). გასათვალისწინებელია, რომ ტაძრამდე მისასვლელი გზა ტყეში გადის და წვიმიან ამინდში მაღალი გამავლობის მანქანაა საჭირო. ოზაანში დაბრუნების შემდეგ, მარშრუტი კვლავ დედოფლისწყაროსკენ მიემართება.
წყარო: www.gnta.ge