„დიდნაურის“ ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დიდი შირაქის ველის დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა „დიდნაურის“ ნაქალაქარი. სატელიტური ფოტოების მიხედვით ნაქალაქარი 35 ჰა ფართობს მოიცავს. აქ მდებარე სამივე ველზე ჩანს მშრალი კალაპოტები მდინარეებისა: დიდნაური, ჩალიანხევი და დიდი რუი. ველების ირგვლივ მთაგორებზე ორმოცდაათი მცირე დასახლებაა, რომლებიც ძველი წელთაღრიცხვის XII-IX სს. თარიღდება. დასახლებები ერთიან სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდნენ, რომლის სოციალ-ეკონომიკური და ადმინისტრაციული ცენტრი „დიდნაურის“ ნაქალაქარი იყო. სავარაუდოდ, ეს სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ზომის ნაქალაქარია. მას ქვის, თიხის და ხის კონსტრუქციებით ნაგები 7 მეტრის სიგანის და 1.5 კმ სიგრძის გალავანი აქვს შემოვლებული. ქალაქის ჩრდილოდასავლეთ და ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხეში დიდი ზომის ნაგებობებია. ნაპოვნია ნაქალაქარის წყლის მომარაგების სისტემაც. გალავნის სამხრეთი ნაწილის გათხრებისას, კარიბჭის მახლობლად აღმოჩნდა ორი რიტუალური ნაგებობა, ე. წ. „შესაწირი მაგიდით“, რომელსაც პარალელები ხეთურ სამყაროში ეძებნება და ერთი საცხოვრებელი სათავსო.
მოპოვებულია დიდი რაოდენობით არქეოლოგიური მასალა: ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ქვის საბრძოლო იარაღები, თიხის საბეჭდავები და ბრინჯაოს ნივთების ფრაგმენტები.
ამ ქალაქ-სახელმწიფოს ჩრდილოეთით აღმოჩნდა ძვ.წ. მე-13 საუკუნის სამაროვანი. მასში 50-მდე სამარხი აღმოჩნდა, სადაც დასვენებულნი არიან დიდგვაროვანი მამაკაცები, რომელთა სიმაღლე საშუალოდ 180 სანტიმეტრია. დნმ-ის ანალიზების და ანთროპოლოგიური კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ეს 50-მდე ადამიანი კავკასიურ რასას განეკუთვნება.
ქალაქმა ორას წელზე მეტხანს იარსება და შემდეგ სავარაუდოდ მიწისძვრამ გაანადგურა ან მტრის მიერ იქნა აოხრებული.






