„ვეფხისტყაოსანი“ კალევიპოეგის მუზეუმშია
კალევიპოეგი ესტონელი სახალხო გმირია, რომელმაც ესტონეთი გაათავისუფლა და გააძლიერა. ამ გოლიათი გმირის შესახებ ამბების უმეტესობა შეგიძლიათ მოისმინოთ ესტონეთში იოგევას საგრაფოში. აქ ნახავთ მის გაქვავებულ ხმალს მდინარე კაეპაში, არის ადგილები, სადაც ის ისვენებდა, ლოდები, რომლების სროლაც შეეძლო, დიდი ზომის ცული და სხვა იარაღები, წყაროები და ჭაობები, უზარმაზარი სახნისი და ა. შ.
მუზეუმი გახსნილია ყოფილი სკოლის შენობაში და წარმოადგენს რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობას. მუზეუმს აქვს 12 თემატური ოთახი, სადაც წარმოდგენილია კალევიპოეგის ლეგენდები და ესტონური მემკვიდრეობა. მუზეუმის ტერიტორიაზე დგას ეპოსის გმირების ხის 17 ქანდაკება. მუზეუმის ეზოში არის ძალიან მარტივად მოწყობილი კაფეც.
მუზეუმში თავმოყრილია ნაბეჭდი და ელექტრონული პროდუქცია ესტონური ეპოსის ამ გმირის შესახებ: ფილმები, დისკები, წიგნები, კვლევები და სხვა. ერთი დარბაზი ეთმობა მსოფლიოს ხალხთა ეპოსების გამოფენას. ჩვენი ჯგუფის ვიზიტისას აღმოვაჩინეთ, რომ აქ არ იყო „ვეფხისტყაოსანი“.
დედოფლისწყაროში მყოფ ჩვენს ესტონელ მეგობრებს ესტონეთის სოფლის ტურიზმის ორგანიზაციიდან ვთხოვეთ, „ვეფხისტყაოსანი“-ს ინგლისური თარგმანი გადაეცათ ამ მუზეუმისთვის.
და აი, საქართველოს უდიდესი ლიტერატურული ნაწარმოები – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ – უკვე მუზეუმშია.