დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

ფართობი – 2 531 კმ²

მოსახლეობა – 21,221  კაცი

მანძილი თბილისიდან – 135 კმ.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, კახეთის რეგიონში, ივრის ზეგანზე, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, მდინარეებს – იორსა და ალაზანს შორის. ჰავა კონტინენტურია. ტერიტორიის დიდი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს – სახნავსა და საძოვარს უკავია, ამიტომ აქ კარგადაა განვითარებული მემინდვრეობა და მესაქონლეობა (მათ შორის, მეცხვარეობა), ასევე – მევენახეობა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოჰყავთ ხორბალი, მზესუმზირა, ქერი, სიმინდი, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები, ვაზი; მისდევენ ასევე მეცხოველეობასაც. ამ მხარეში აწარმოებენ მაღალი ხარისხის ხორბლის ფქვილს, ღვინოს, ხორცს, რძესა და რძის პროდუქტებს, კვერცხს, თაფლს და სხვ. მოიპოვება წიაღისეული: კირქვა, ნავთობი, თიხა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მოსახლეობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა: აქ ქიზიყელების გვერდით ცხოვრობენ XIX საუკუნეში ვაჟა-ფშაველას მეცადინეობით მთიდან ბარში ჩამოსახლებული მთიულები, ფშაველები, ხევსურები, მოხევეები; სოფელ მირზაანში შეხვდებით კომპაქტურად მცხოვრებ რაჭველებს, სოფელ ფიროსმანსა და სამთაწყაროში – ჰერელებსა და ეკომიგრანტებს აჭარიდან.  დედოფლისწყარო თავის სამშობლოდ მიაჩნიათ აქაურ რუსებს, სომხებსა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებს.

მუნიციპალიტეტის ეთნიკურ-ეროვნული მრავალფეროვნება აისახება აქაურ ტრადიციებსა და ყოფაზე, კულინარიასა და სტუმარ-მასპინძლობაზე – სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ კახური ღვინო და ჭაჭა, ქიზიყური ნაზუქი, დედას პური, ჭინჭრის მხალი, ქიზიყურად მომზადებული ლობიო, მთიულური და ხევსურული ხინკალი, აჭარული ხაჭაპური,  აჩმა და სხვა.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...