წმ. ელია თეზბიტელის ტაძარი

ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთით აღმართულია ელიას მთა.

ელიას მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ფუძიდან ოცდაათიოდე მეტრის სიმაღლეზე, სამკუთხა მოყვანილობის ფართო და მაღალი ბუნებრივი ეხია, რომლის წინა პირი ამოშენებული იყო. როგორც არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურა, სავარაუდოდ, VI საუკუნეში აქ მდებარეობდა მთლიანად ბუნებრივ მღვიმეში მოქცეული უძველესი სამლოცველო, რომელიც ასურელ მამათა მოღვაწეობას უკავშირდებოდა. როგორც ჩანს, ეს სამლოცველო  XIII საუკუნეში მონღოლთა თარეშის დროს დაინგრა. XVI საუკუნეში, კახთა მეფის – ალექსანდრე II-ის მოღვაწეობისას, როცა კახეთის სამეფო ეკონომიკურად გაძლიერდა, იგი აღუდგენიათ, მაგრამ 1616 წელს, კახეთის აოხრების პერიოდში, კიდევ ერთხელ გაუკაცრიელებულა.  მესამედ, წმინდა ელიას სამლოცველო XVIII საუკუნის ბოლოს, ერეკლე II-ის მეფობის დროს აღადგინეს.

წმინდა ელიას სამლოცველოს შესახებ წერილობითი ცნობა შემოგვინახა ალექსანდრე დიუმამ თავის წიგნში „კავკასია“, რომელიც 1858 წელს მწერლის კავკასიაში მოგზაურობას მიეძღვნა.  იგი წერს: „თამარ მეფის ციხიდან (იგულისხმება ხორნაბუჯი), ექვსი ვერსის დაშორებით აღმართულია კიდევ ერთი მთა, რომელსაც ელიას მთა ჰქვია, ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ელია წინასწარმეტყველისათვის ყორანს საჭმელი მიჰქონდა და რომ მან თავისი წამოსასხამი თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა“.

XIX საუკუნეში აქ მოქმედი სამლოცველო იყო. ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ, ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედებით, იგი კვლავ დაინგრა და მხოლოდ XXI საუკუნეში სამლოცველოს ნანგრევებზე აშენდა წმინდა ელია თეზბიტელის ამჟამინდელი ტაძარი. ელიას მთაზე  განთავსებულია ბერების სამყოფელიც.

ძველთაგანვე აქაურები, როგორც მიწათმოქმედნი, გვალვისას წმინდა წინასწარმეტყველ  ელიას მიმართავდნენ და წვიმის მოსვლას თხოვდნენ. ყოველ 2 აგვისტოს /ძვ. სტილით 20 ივლისს/, წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის ელია თეზბიტელის ხსენების დღეს, აქ უამრავი ხალხი იკრიბება, ღამეს ათევენ  და ლოცულობენ.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...