საფეხმავლო მარშრუტი 18 კილომეტრიანი

Details
დედოფლისწყარო - არწივის ხეობა - სახოხბე - ხორნაბუჯის ციხე - დედოფლისწყარო

სიგრძე: 18კმ.     ხანგრძლივობა: 1 დღე

სირთულე: საშუალო

შენიშვნა: ფეხით გასავლელი მანძილის შესამცირებლად, შესაძლებელია არწივის ხეობამდე ავტომობილით მისვლა და მანქანის დაბარება ხორნაბუჯის ციხესთან. ასეთ შემთხვევაში, საფეხმავლო მანძილი 18 კმ-დან 10 კმ-მდე მცირება.

 

მარშრუტის აღწერა

დედოფლისწყარო – არწივის ხეობა – სახოხბე – ხორნაბუჯის ციხე – დედოფლისწყარო

ეს მარშრუტი, მოგზაურებს  ქიზიყის ერთ-ერთი უძველესი და უმშვენიერესი ნაწილის დათვალიერებას სთავაზობს. მოგზაურობა დედოფლისწყაროს ცენტრში იწყება და არწივის ხეობისკენ მიემართება  (გზად შესაძლებელია ადგილობრივი მარნის მონახულება და სხვადასხვა ღვინოების დაგემოვნება), რომელიც იურული პერიოდის კირქვებში გამავალი ულამაზესი კანიონია და ბუნების ძეგლის სტატუსს ატარებს. ხეობა ძალზე მდიდარია მცენარეთა და ფრინველთა სახეობებით და შესანიშნავ პირობებს ქმნის ფრინველთა თვალიერებისთვის. აქ ხშირად შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება დაინახოთ მტაცებელი და ლეშიჭამია ფრინველები, ხოლო თუ ბინოკლით იქნებით შეიარაღებული, შესაძლოა ბუდეში მჯდომ მართვეებსაც კი დააკვირდეთ. ადგილ-ადგილ მოსჩანს ნიჟარების ანაბეჭდებიც, რაც შეგვახსენებს, რომ ამ ადგილებს ადრე ზღვა ფარავდა. არწივის ხეობიდან გზა ყოღოთის ხევისკენ გრძელდება, სადაც კოლხური ხოხბის საშენი ფუნქციონირებს. აქ ვიზიტორები კოლხური ხოხბის გარდა, ფარშავანგებს და სხვა ლამაზ ფრინველებსაც ნახავენ. სახოხბის მოპირდაპირე მხარეს საპიკნიკე ადგილიცაა მოწყობილი, რომელიც უიშვიათესი კახური ჯიშის – ხიხვის ვენახებს და არწივის ხეობას გადაჰყურებს. აქედან გზა პირველი გადასახედისკენ გრძელდება, რომელიც საკმაოდ დამღლელი აღმართის ბოლოს მდებარეობს. აქ მოლაშქრეებს დასვენება და წახემსება შეუძლიათ. ბილიკი შემდეგ წყაროს სიახლოვეს ჩაივლის და კიდევ ერთ გადასახედამდე მიდის, საიდანაც მარშრუტის შემდეგი წერტილი – ხორნაბუჯის ციხე მოსჩანს. ეს ციხესიმაგრე ძალიან რთული რელიეფის მქონე კლდეზე, გასაოცარი ოსტატობითაა ნაგები. IV ს-ში აქ ძალზედ მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი მდებარეობდა, რომელიც ერთ-ერთ სტრატეგიულ, კულტურულ და სამხედრო ცენტრს წარმოადგენდა. ციხე-სიმაგირს ძირში, ვაკეზე, საპიკნიკე მდებარეობს, სადაც მოგზაურებს შეუძლიათ წაიხემსონ და დაისვენონ, შემდეგ კი დედოფლისწყაროში დასაბრუნებელ აღმართს შეუყვნენ.

წყარო: www.gnta.ge

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...