ფიროსმანის მუზეუმი

დედოფლისწყაროში, სოფელ მირზაანში, მდებარეობს ცნობილი თვითნასწავლი ქართველი მხატვრის – ნიკო ფიროსმანის (ფიროსმანაშვილი) (1862-1918 წ.წ.) 1960 წელს დაფუძნებული მუზეუმი. ეს არის მემორიალური კომპლექსი მხატვრის სახლითა და 1979 წელს აშენებული საგამოფენო დარბაზით.

ფიროსმანის ხელოვნება XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენდა. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს მშობლიურ მირზანში ნანახ სცენებსა და მოვლენებს  – „რთველი“, „ქეიფი რთველში“, „დიდი მარანი ტყეში“, „კახეთის ეპოსი“ ანუ „ალაზნის ველი“, „გლეხის ქალი ვაჟით“, „გლეხკაცი ვაჟით“, „წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი“, „კალოობა“, „ბიჭი და შეშაწამოკიდებული ვირი“, „გოგო ბატებს მიელალება“, „ყანწიანი თავადი“, „აღდგომის სუფრა“, „სააღდგომო ბატკანი“, „ძველებური ქართული ქორწილი“ და სხვ.

მირზაანში სტუმრობისას თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფიროსმანის ნახატების ორიგინალები, ნახოთ მხატვრის პირადი ნივთები, გაეცნოთ ქიზიყური ყოფის ამსახველ  ეთნოგრაფიულ მასალას, ხალიჩებს, ფარდაგებს, ჭურჭელს, შრომის იარაღებს –  იმ გარემოს,  საიდანაც საფუძველს იღებს ფიროსმანის შემოქმედება. მუზეუმში დაცულია ასევე XX საუკუნის  სხვა ქართველ მხატვართა ნამუშევრებიც.

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...