ისტორია

მუნიციპალიტეტის ტერიტორია უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რასაც ადასტურებს სხვადასხვა წლების არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი ქვის, ბრინჯაოს, რკინის ხანის, ანტიკური და ადრინდელი ქრისტიანული პერიოდის მრავალი ძეგლი. მათ შორის განსაკუთრებული ყურედღების ღირსია დიდი ქალაქების (ხორნაბუჯის, ხორანთა) ნანგრევები.

დღევანდელი მუნიციპალიტეტის ტერიტორია უძველესი დროიდანვე შედიოდა საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული პროვინციის — კამბეჩოვანის შემადგენლობაში. იგი თავიდანვე მჭიდროდ დაუკავშირდა ქართული სახელმწიფობრიობის ისტორიას და ხან ჰერეთის და ხანაც კახეთის სამეფოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801 წ.) შემდეგ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრაში მოექცა. ყარაღაჯ-დედოფლისწყაროს მიმართულებას („ლეკეთის საკორდონე ხაზს“) იმ პერიოდში დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა დაღესტან-ლეკეთისა და ჭარ-ბელაქნის მხრიდან შემოსეულ მოთარეშე-მარბიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. დედოფლისწყაროში მუდმივად იდგა მეფის რუსეთის ჯარის ნაწილები. სამხედრო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგაც ოფიცერთა და ჯარისკაცთა უმეტესი ნაწილი აქ რჩებოდა მუდმივ საცხოვრებლად. 1889 წელს მეფის მთავრობამ გადაწყვიტა შირაქში გადმოესახლებინა რუსები. განზრახვამ ქართველ მთიელთა დიდი გულისწყრომა გამოიწვია. საპასუხოდ მათ ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყეს შირაქში ჩამოსახლება და დამკვიდრება. ამ გაბედული გადაწყვეტილების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ვაჟა-ფშაველა, რომლის ძალისხმევითაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე სამუდამოდ დასახლდა შირაქში. შეიქმნა სოფლები: ზემო ქედი, ქვემო ქედი და არხილოსკალო. 1915 წელს ვაჟამ ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიიდან ნიში ჩამოატანინა და მცირე ეკლესია ააშენა, აქ დღესაც აღნიშნავენ ლომისობას. XX საუკუნის დასაწყისში ნიკოლოზ II-მ შირაქის ველის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოასახლა ზაპოროჟიელი ურჩი კაზაკები, რომლებმაც ახალ დასახლებას სეჩენოვკა უწოდეს. 1921 წლის შემდეგ აქ ჩამოსახლდნენ ზემო მაჩხაანისა და მირზაანის მაცხოვრებლები. ამ სოფელს გასაბჭოებულ საქართველოში რევოლუციონერ ა. ჯაფარიძის (ახლანდელი სამრეკლო) სახელი ეწოდა. 1918 წელს მუსავატელებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 36 სოფლის სომხური მოსახლეობა აყარეს და ბედის ანაბარა დატოვეს. ლტოლვილ სომეხთა დიდი ნაწილი 1922 წელს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს ჩამოსახლდა. დასახლებას მათ თავიანთი მშობლიური სახელი, საბათლო უწოდეს, ხოლო შემდეგ წითელი საბათლო დაარქვეს. 1924 წლიდან ზოგიერთი მირზაანელი გლეხი მუდმივ საცხოვრებლად სახლდებოდა უზუნდარის მთის კალთებზე. სოფელი თანდათანობით იზრდებოდა და დაერქვა სახელი უზუნდარა (დღევანდელი სოფ. გამარჯვება).

1917 წლამდე ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა სიღნაღის მაზრაში, 1928 წლიდან კახეთის მაზრაშია, 1921 წელს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფითახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია სიღნაღის მაზრას მიეკუთვნა, 1929 წლიდან კი კახეთის ოლქში შედიოდა. 1930-1937 წლებში სიღნაღის რაიონშია. 1938 წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად. 1963-1964 წლებში ისევ სიღნაღის რაიონს შეუერთეს, 1965 წლიდან კვლავ გამოიყო ცალკე ერთეულად.
წყარო: ვიკიპედია

შესაძლოა დაგაინტერესოთ ...